თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს

17.09.2019

საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის და უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენები ეწვევიან

ბიზნესომბუდსმენის  აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს  ორგანიზებით 11 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს.

კონფერენციაზე „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ განხილული იქნება  ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენი ბოლატ პალიმბეტოვი, უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენი დილმურდ კასიმოვი, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენი ადამ აბრამოვიჩი და უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ტატიანა კოროტკო.

ამავე კონფერენციის ფარგლებში  გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების ფარგლებში  გაფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და გაძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს,  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  (OECD) დელეგაცია ეწვევა.  კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, სადაც სიდა-ს,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლებთან ერთად სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება იმართება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.



კატეგორია: კორპორაციული პასუხისმგებლობა