განცხადება საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ პოლიტიკური პარტიების კონსულტაციებთან დაკავშირებით
18.08.2017
დღეს, 18 აგვისტოს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დაგეგმილია კონსულტაციები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. დღევანდელი კონსულტაცია იძლევა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას, რაც მისასალმებელია.
მიგვაჩნია, რომ საკვანძო საკითხს კონსტიტუციის პროექტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა წარმოადგენს. პროპორციულ სააარჩვნო სისტემაზე გადასვლამ მხარდაჭერა მოიპოვა საკონსტიტუციო კომისიის ფომატში, შედგა სრული კონსენსუსი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში და დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა (მათ შორის ვენეციის კომისიის) და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას არაერთი საკითხი იწვევს, მათ შორის კვლავაც პრობლემურია დებულებები პრეზიდენტის არჩევის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის გარშემო. შეთანხმების მიუღწევლობისა და არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შენარჩუნების პირობებში, მივიღებთ ერთი პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რაც გააღვივებს პოლიტიკურ დაპირისპირებას, გაზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას.
მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
ლიბერალური აკადემია თბილისი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
კატეგორია: განცხადება