ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

10.12.2018

პირველად საქართველოში, წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაერთიანდნენ და ხელი მოაწერეს ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
10 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სიდამ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიებას უმასპინძლეს.

ღონისძიებას, რომელსაც ბიზნეს კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო, იმსჯელეს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა ისაუბრეს ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებლებმა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს გაუზიარეს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული წარმატებული მაგალითები და ხაზი გაუსვეს კომპანიებში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ღონისძიებაზე, კომპანიების წარმომადგენლებმა, საჯარო ხელმოწერით დაადასტურეს საკუთარი მხადაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). ამჟამად აღნიშნულ საერთაშორისო ინიციატივას საქართველოში მოქმედი 26 წამყვანი ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს.

შეხვედრის დასასრულს ორგანიზატორებმა კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეუერთდეს  ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რათა გაიზარდოს მათივე კომპანიების ნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდას და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა