„სიდამ“ მიგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

08.05.2018

8 მაისს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა მიგრაციის თაობაზე.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ბოლქვაძე, ასევე, ,,სიდას“, ლტოლვილთა და განსახლების,  იუსტიციის სამინისტროების და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: მსოფლიოში/ევროპაში მიდინარე მიგრაციული პროცესები; რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია, შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავშესაფრის მოთხოვნა; შრომითი ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი; მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და რეინტეგრაცია.

მონაწილეებს საშაულება ჰქონდათ ენახათ „სიდას“ მიერ, პროექტის ფარგლებში, მომზადებული ვიდეოფილმები უვიზო მიმოსვლისა და არარეგულირებული მიგრაციის საფრთხეების შესახებ, ასევე გადაეცათ საინფორმაციო მასალა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის და მათი ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით.

,,სიდა“ რეგიონებში რეგულარულად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მონაწილეებს საშუალება აქვთ მიიღონ უახლესი ცნობები მსოფლიოში/ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების შესახებ; გაეცნონ სახელმწიფო პოლიტიკას და გაიგონ თუ რა სიტუაციაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ასევე, მნიშვნელოვან ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის “ (G-PMR) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდების “ ფინანსური მხარდაჭერით.


კატეგორია: მიგრაცია