ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

14.06.2018

11-12 ივნისს, სიდას ორგანიზებით, ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული მექანიზმების გაცნობა.  

სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე კორპორაციულ მდგრადობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ისაუბრა.  ყურადღება გაამახვილა, კორპორაციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, კომპანიებში გენდერული მეინსტიმინგის   მნიშვნელობაზე. კომპანიებში, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე ქალთა მაჩვენებლის ზრდით მიღებული ბიზნეს სარგებლის წარმოსაჩენად, მონაწილეებს გააცნო სხვადასხვა კვლევის შედეგად არსებული სტატისტიკური მონაცემები.

შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი, რომელმაც მარკეტინგში გენდერულ სტერეოტიპებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდება სარეკლამო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და დროულად ახდენს რეაგირებას კომპანიების მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე. მან ასევე ისაუბრა დასაქმების ადგილას სხვადასხვა სახის შევიწროვებაზე და მოუწოდა კომპანიების წარმომადგენლებს, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში, დროულად მიმართონ სახალხო დამცველს, რომელიც თავის მხრივ რეაგირებას მოახდენს და რეკომენდაციას გასცემს, შესაძლო შევიწროვების შემთხვევაში.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო გენდერულ თანასწორობისა და უთანასწორო სამუშაო გარემოს შესახებ საკითხები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.



კატეგორია: ბიზნესი და ადამიანის უფლებები