1325

12.12.2013

ძროხებში გადაცვლილი ქალები;

ქალები, რომლებიც დაქვრივების შემდეგ მაზლის მფლობელობაში გადადიან შვილებით და ქმრის ქონებასთან ერთად;

მოტაცების, გაუპატიურების, ძალადობის მსხვერპლი ქალები;

უფლებაჩამორთმეული, სიტყვაწართმეული და საგნადქცეული ქალები.

მოვიტყუები, რომ ვთქვა, მხოლოდ ქალთა უფლებების გაცნობისთვის მსურდა სტოკჰოლმის, შვედეთის მართლაც ულამაზესი დედაქალაქის სტუმრობა. ხუთი ქვეყნის: კოლუმბიის, სამხრეთ სუდანის, ლიბერიის, კონგოსა და საქართველოს 25 წარმომადგენლის შეხვედრა იყო უკვე ინტერესის აღმძვრელი. რა ვქნა, მგონია, რომ ადამიანების აღმოჩენის გამო ღირს მარტო ცხოვრება და ამ 24-ის აღმოჩენისგან როგორ ვიტყოდი უარს?

ჰოდა, 24-ს შორის იყო გაბრიელა, სამხრეთ სუდანიდან. ორი ზვიადი გამოიჭრება ერთ გაბრიელაში იმსიმაღლეა და ორი ზვიადის გამბედაობა მაინც აქვს. 16 წლის გათხოვდა, თუ შეაგუეს იმას, რომ გათხოვდა და ეყოლა ხუთი შვილი. რაღაც პერიოდი ჩვეულებრივი სამხრეთ სუდანელის ცხოვრებითაც იცხოვრა. მერე ქმარი გარდაეცვალა. და აი მერე... მერე უნდა გამხდარიყო საკუთარი მაზლის ცოლი და აი მაშინ, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელად თქვა - არა! და ამ არას მოყვა სახლის და ქონების გარეშე დარჩენა. თუმცა, ამას უკვე შეგუებული იყო, რადგან ეს დაუწერელი კანონია მის ქვეყანაში. ჰოდა, იბრძვის გაბრიელა. შვილები კენიაში ყავს ნათესავებთან, თვითონ დარჩა სამხრეთ სუდანში, მუშაობს და რასაც შოულობს შვილებს უგზავნის, - განათლებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ვერ ნახულობს, ფიქრობს, რომ ესეც უნდა მოქცეულიყო, იმიტომ რომ მათი მომავალია ყველაზე მთავარი. მეც ასე ვფიქრობ, ერთი დამატებით, მან თავის შვილებს საკუთარი საქციელით მიცა უკვე "უმაღლესი განათლება", როდესაც აჩვენა რომ ქალი ადამიანია და არა საგანი, რომ ქალს არჩევანის უფლება აქვს, განვითარების უფლება აქვს, სიყვარულის უფლება აქვს.

თუ გსმენიათ იმის შესახებ, რომ 1946 წელს გაეროს მიერ მიღებული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის სამუშაო ვერსიას კაცთა უფლებების დეკლარაცია ერქვა? ეს გენდერის ტრენინგის პირველ დღეს გვითხრეს და ძალიან შემრცხვა. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სულ რაღაც 70 წლის წინ კაცების უფლებების უნივერსალიზებას გეგმავდა მასკულინური მსოფლიო, რომ არა ძალიან მაგარი ქალი - ელეონორა რუზველტი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ როგორც სასაცილოდ უნდა ჟღერდეს, კაცებთან ერთად ადამიანის უფლებების დეკლარაცია ქალებსაც შეეხოთ.

მაგრამ ამით, მხოლოდ ქაღალდზე გაფორმდა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობა და ის, რითაც დავიწყე ეს ბლოგი, არა 50-იანი წლების, არამედ თანამედროვე მსოფლიოს სახეა, სადაც ქალებს დღემდე უწევთ 70 წლის წინ გაეროს მიერ აღიარებული უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა. და მამაკაცთან თანაბარი ხელფასის უფლებას ვინ ჩივის, ქალები სიცოცხლისა და განვითარების შესაძლებლობისთვის იბრძვიან.

სტოკჰოლმი კი საოცარია.  1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიის ქვეყნების შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი. ჰოდა, დღეს ამ კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ზღუდეები აღარ ჭირდება, იმიტომ იქ მცხოვრები ადამიანები არიან ზღუდეები, - მათ თანასწორობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოება შექმნეს. მიყვარს ეს ხალხი, რომელიც საქართველოში სულ ტყუილად, გაყინული და უემოციო გვგონია. და კიდევ რატომ მიყვარს, იცით? ჩვენგან განსხვავებით, თვითკრიტიკის და საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი აქვთ. XVII საუკუნის მსოფლიოში  ერთადერთი შემორჩენილი აფროსანი ხომალდი - "ვასა" მთელი ქვეყნის სიამაყეა, რომელმაც სამი საუკუნის წინ, სულ 2 მილი გაცურა და ჩაიძირა, იმიტომ რომ იჩქარეს და შეცდომა დაუშვეს მისი კონსტრუირებისას. შედეგად 1961 წლამდე მდინარის ფსკერზე ბრძანდებოდა გიგანტური ხომალდი. ახლა ამაყობენ. ამაყობენ და ამბობენ, რომ ეს მუზეუმი, რომელიც "ვასას" აუშენეს შეცდომის აღიარების მუზეუმიცაა.

ჩვენ არ გვიყვარს აღიარება. მეც არაფრით მინდოდა მეთქვა ჩემი "კურსელებისთვის", რომ ვერ გვაქვს საქმე კარგად ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კუთხით. გაბრიელას ამბავი მიტრიალებდა თავში და ამით ვამართლებდი ჩემს საქციელს, - რომ მართალი ვარ, ჩვენთან ასე არ ხდება, ჩვენთან შურისძიების გამო არ აუპატიურებენ ქალებს, ქალებს აბორტის უფლება აქვთ (კონკრეტული წესების დაცვით) სამხრეთ სუდანისგან განსხვავებით და არ უწევთ ამბოხებული მოძალადის მიერ ჩასახული ნაყოფის ტარება, რომლის გაჩენის შემდეგ, თემი დედასაც და შვილსაც იცილებს და ვინ იცის კიდევ რამდენი უბედურება.

მაგრამ, თავს ვიტყუებდი:

მე ხომ ვიცი, რომ საქართველოს აზერბაიჯანულ თემში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონების სოფლებში 14 წლის გოგონების ადრეული გათხოვება ჩვეულებრივი ამბავია და ხშირად მათ აზრს არც ეკითხებიან ოჯახის უფროსები. ეს გოგონები ხომ თავად ბავშვები არიან ჯერ კიდევ, ისინი ხომ წყვეტენ განათლების მიღებას, იკეტებიან "სამზარეულოში" და ვინ იცის, როდესაც მენტალურად მწიფდებიან ცხოვრობენ კი იმ ოჯახში, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული.

მე ხომ ვიცი, რომ ჩემი წილი მიმიძღვის ძმაკაცის ცოლის მოტაცებაში 20 წლის წინ, რომლებიც დღესაც ერთად ცხოვრობენ და უყვართ ერთმანეთი, მაგრამ...

მე ხომ ვიცი, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობაა. ამის აფიშირება "ტეხავს" ხო? მთელი ცხოვრება ამ ძალადობის მოთმენა "არ ტეხავს", არა? და აგერ, არც მაციეთ სტოკჰოლმიდან ჩამოსვლა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის კვლევის შედეგებიც მომახალეთ, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულ რესპონდენტთა 34,6% თვლის, რომ ცოლის ცემა გამართლებულია, თუ კი:

შვილებს ყურადღებას არ აქცევს;

ქმარს ეჩხუბება;

საჭმელს წვავს;

უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე;

ან ნებართვის გარეშე გადის სახლიდან.

და ეს ძალადობა, ან მისი გამართლება (რომელიც უკვე ძალადობაა) გაბრიელას, ან მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ძალადობის მსხვერპლი ქალის ძალადობაზე უკეთესია?

ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულად გამოკითხულთა 69%–ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა. გამოკითხულთა  17% თვლის, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვას მეგობარს მხოლოდ გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი არჩევდა. პოლიციისადმი არმიმართვის ძირითადი მიზეზები: საზოგადოების მხრიდან განკიცხვის შიში, სირცხილი და დაუცველობის გრძნობაა.

ჰოდა, გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი ბევრი ქალია ჩვენს ქვეყანაშიც. და ამას აღიარება და "მკურნალობა" უნდა. ამას ვერ გადაფარავ  ცალკე ქალების და ცალკე - დედების სადღეგრძელოებით.

გამოსამშვიდობებელ საღამოს ბევრი ემოციური სიტყვა ითქვა. მეც მოვიმარჯვე ჩემი ინგლისურის მარაგი და ვთქვი, რომ საქართველოში ქალთა უფლებებისთვის თავად ქალები იბრძვიან და დღეიდან თქვენს რიგებში მიგულეთ-თქო.

ჰოდა, დამიძახეთ დღეიდან - გაბრიელა!

P.S. 13 25 - ზე არ ინერვიულოთ. მაინცდამაინც ნუ დაკავდებით ამ ციფრების მიმატებით, გამოკლებითა და ფესვის ამოღებით, ვეჭვობ, ამით ვერანაირ საკრარულ შედეგს ვერ მიიღებთ. გაეროს ერთ-ერთი რეზოლუციის ნომერია, რომელიც 2000 წლის 31 ოქტომბრითაა დათარიღებული, მე კი - 2013 წლის 17 ნოემბერს, 13 წლის დაგვიანებით, გავიგე მის შესახებ. რეზოლუცია ქალთა მიმართ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.