სიდას განცხადება სახალხო დამცველის 2 ნოემბრის დასკვნასთან დაკავშირებით
12.11.2018
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 2 ნოემბრის განცხადებას, ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მისამართით, სამ საქმეზე სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით; ორგანიზაციისთვის სამწუხარო და მიუღებელია დასკვნაში აღწერილი შემთხვევები და სრულ მხარდაჭერას უცხადებს იმ ქალებს, ვისი უფლებებიც დაირღვა.
აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აღარ მუშაობს სიდაში და არ აქვს კავშირი ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან 2018 წლის მარტიდან.
ორგანიზაციისთვის მიუღებელია ყველა სახის ძალადობა, მათ შორის, სექსუალური შევიწროება. ეს ეწინააღმდეგება სიდას მისიას, ღირებულებებსა და სამუშაო გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ვაცნობიერებთ, რომ როგორც ორგანიზაციას, რომელიც წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად, გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები, ბენეფიციარები, და სხვა დაინტერესებული მხარეები სექსუალური შევიწროებისგან და სხვა სახის ძალადობისგან.
სწორედ ამიტომ, სიდამ გადადგა დამატებითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი; გადაამზადა თითოეული თანამშრომელი აღნიშნული მიმართულებით; ასევე, გააძლიერა მუშაობა ორგანიზაციის პარტნიორებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.
სიდა წლებია მუშაობს ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტი ქალების იურიდიული დახმარება; ქალი მეწარმეების, იძულებით გადაადგილებული პირების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების პროფესიული განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა და მათი ბიზნეს იდეების მხარდაჭერა; ბიზნეს სექტორში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვა.
ორგანიზაცია განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქალთა გაძლიერების თემაზე და ღიაა ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
კატეგორია: განცხადება