ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა
02.12.2020
სიდას/ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების წახალისებას და პოპულარიზაციას. თანამშრომლობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ESG შიდა პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან. დოკუმენტის შესაქმნელად, ჩვენი ორგანიზაცია მოამზადებს უწყების საქმიანობის შეფასების ანგარიშს, სადაც გამოკვეთილი იქნება ESG მიმართულებით გამოწვევები, შესაძლებლობები და საჭიროებები; ასევე განისაზღვრება ESG პოლიტიკის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები.
თავის მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირების ჩართვას პოლიტიკის შემუშავებაში და პოლიტიკის დოკუმენტის მიღების შემდეგ - ESG მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შიდა და გარე აქტორებთან. სააგენტო ასევე წაახალისებს პარტნიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, გაეროს ათი პრინციპის დანერგვის მიზნით, გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში გაწევრიანებას.
მემორანდუმის შედეგად დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას.
კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა