სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორის სალომე ზურაბიშვილის განცხადება

15.02.2019

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-მ 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით განახორციელა ევროკავშირის, აშშ მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, ღია საზოგადოების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთაც უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიღწევები და ვინარჩუნებთ საზოგადოებასთან, დაინტერესებულ პირებთან, პარტნიორებთან, და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გამჭვირვალე ურთიერთობასა და ეფექტურ კომუნიკაციას მიმდინარე არაერთი საგრანტო პროგრამის განხორციელების პარალელურად.

2018 წლის მარტის ბოლოს   აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელობით, ახალმა მენეჯმენტმა განახორციელა რიგი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მართვას და უსაფრთხოებას.  სისტემური ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს დღესაც და კვლავაც ვასრულებთ პირობას საზოგადოების წინაშე, გამჭვირვალედ უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

2019 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომლის მომართვის საფუძველზე, დაფიქსირდა ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების შესაძლო არასწორ ან არამიზნობრივ განკარგვაზე. შიდა მოკვლევის წინასწარი შედეგებით შესაძლო ფინანსური დარღვევები მოიცავს 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე პერიოდს. კერძოდ, ჩემი, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, კონკურსის წესით დანიშვნის ეტაპამდე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, მე, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ ვაცნობე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს, გამგეობას და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს.  არსებული ფინანსური გადაცდომის სახით დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვის მიზნით, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, კერძოდ კი საქართველოს პროკურატურას, მივაწოდე ამჟამად არსებული ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა, შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ჩატარებული ფინანსური აუდიტებითა და 2018 წელს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტით რაიმე სახის ხარვეზი ორგანიზაციაში არ ფიქსირდებოდა. თუმცა, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე დავიწყეთ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც გამოიკვლევს კონკრეტულად ზემოთ აღნიშნულ შესაძლო ფინანსურ გადაცდომებს.

აქვე ხაზგასმით დავძენ, რომ ორგანიზაციისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ფინანსური გადაცდომა. ჩვენ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან, ბენეფიციარებთან, რომელთა უფლებებს ორგანიზაცია წლებია იცავს, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

მზად ვარ ვითანამშრომლო მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ღიად და დროულად მივაწოდო მათთვის საინტერესო ინფორმაცია.





კატეგორია: სხვა